სომხეთი

სომხეთში 19 დეკემბრიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდება

ერევანი, სომხეთი
TASS

სომხეთში 19 დეკემბრიდან მთიან ყარაბაღში დაღუპულთათვის სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდება. ამის შესახებ მოსახლეობისთვის მიმართვაში ისაუბრა ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

"19 დეკემბერს საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მეორმოცე დღე შესრულდება. 19 დეკემბრიდან სომხეთში გამოცხადდება სამდღიანი გლოვა, გაიმართება სამგლოვიარო მარში რესპუბლიკის მოედნიდან ერაბლურის მემორიალურ კომპლექსამდე. ორგანიზებული იქნება სხვა ღონისძიებებიც". – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის ხელისუფლების თანახმად, მთიან ყარაბაღის კონფლიქტში 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

შეიარაღებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში 27 სექტემბერს დაიწყო. 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან და, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები