არჩევნები 2020

რესპუბლიკელები მანდატებზე უარს მოლაპარაკებების დასრულებამდე არ იტყვიან

რესპუბლიკური პარტია, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას ფარგლებში იღებდა მონაწილეობას, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბლოკთან ერთად აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში, მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულდება. 

რესპუბლიკურ პარტიას ბლოკის ფარგლებში ორი მანდატი აქვს. მანდატები მიიღეს ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.

ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ". – წერია პარტიის განცხადებაში. 

რესპუბლიკური პარტიის ცნობით, ისინი ითვალისწინებენ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალონ პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადაიტანონ. 

"ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის, ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც". – წერს პარტია. 

საქართველოს ისტორიაში პირველად, 11 დეკემბერს პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციური პარტიები მემორანდუმს მოაწერენ ხელს. 

კომენტარები