დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 55%-დან 65%-მდე, ანუ 10%-ით გაიზარდა, რაც, როგორც გამყრელიძე განმარტავს, კარგია. თუმცა, გამყრელიძის თქმით, ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 95%.
"თუ 95% გვექნება პირბადის ტარების მაჩვენებელი, პირობას გაძლევთ, საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება დავასტაბილუროთ მდგომარეობა". – ამბობს გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირბადეების ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სავალდებულოა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.
რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.





