კორონავირუსი საქართველოში

ვინ ვერ აიცრება Covid-ვაქცინით – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

კითხვაზე, ვინ ვერ აიცრება Covid-ვაქცინით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ ბავშვები. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ილაპარაკა.

"ჯერჯერობით, ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელზეც არ არსებობს სათანადო მტკიცებულებითი ბაზა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ესენი არიან ბავშვები, შესაბამისად, ვერ მიიღებს ეს ასაკობრივი კატეგორია, ვერც ქრონიკული დაავადების თანხლებისას". – თქვა ზახაშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგადად იმუნიზაციისთვის ერთადერთი უკუჩვენება არის მწვავე დაავადების არსებობა.

"ამ დროს ადამიანები არ იცრებიან. Covid-ვაქცინაციისთვის კი, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მონაცემებით, რაც იქნება ვაქცინის დანერგვის მომენტისთვის ჩვენს ქვეყანაში". - ამბობს ზახაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომ მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ერთერთი ვაქცინა საქართველოში დ იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოვიდეს. მისი განმარტებით, ეს შესყიდვა Covax-პლატფორმისგან დამოუკიდებლად მოხდება. საუბარია 200-300 000 დოზაზე.

რაც შეეხება Covax-პლატფორმას, მისგან საქართველო 700 000 ადამიანის სამყოფ ვაქცინას შეიძენს. თანხის ნაწილი ქვეყანამ უკვე გადაიხადა.

"ის შეისყიდის 4-5 ვაქცინას და ჩვენ ავირჩევთ. ამის შემოტანის დრო უნდა იყოს მარტ-აპრილი" - თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან და შემოდგომამდე მოსახლეობის 20-30%-ს მოიცავენ. მანვე აღნიშნა, რომ ე.წ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად 60%-ის აცრაა საჭირო. 

8 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 169 649 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 141 392 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 576 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები