შსს: "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის 2 პირი დავაკავეთ, ბიზნესმენს $10 000-ს სთხოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ორი ადამიანი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს - კ.მ.-ს, რომელიც
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. "კანონიერი ქურდის" - ბორია აფაქელას სახელით, "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. "კანონიერ ქურდთან" საქმის გარჩევის მიზნით.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5 000 აშშ დოლარი გადასცა". - ავრცელებს შსს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ხ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს" წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან - 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ". - ავრცელებს შსს ინფორმაციას.

კომენტარები