კორონავირუსი აშშ-ში

ჯო ბაიდენი ამერიკის მოქალაქეებს სთხოვს, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ

ჯო ბაიდენი
Reuters

აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ აპირებს ამერიკის მოქალაქეებს სთხოვოს, 100 დღის განმავლობაში პირბადეები ატარონ. მას მიაჩნია, რომ თუ ყველა ამერიკელი ატარებს პირბადეს, ახალი კორონავირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდება.

"ინაუგურაციისთანავე ვაპირებ მოსახლეობას ვთხოვო, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ. მხოლოდ 100 დღე, არა სამუდამოდ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის გავრცელებას, თუ ამასთან ერთად ვაქცინაციაც დაიწყება". – თქვა მან.

ბაიდენი ასევე გეგმავს, პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს ყველა სამთავრობო შენობაში. პირბადე უკვე სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებსა და თვითმფრინავებში.

აშშ-ს კონსტიტუციის ექსპერტები ამბობენ, რომ ბაიდენს კანონიერი უფლება არ აქვს ამერიკელებს პირბადის ტარება უბრძანოს, თუმცა ბაიდენი ამბობს, რომ ეს მოწოდება იქნება და მაგალითს მათ ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და თავად ის მისცემენ.

ამ დრომდე დონალდ ტრამპი ხშირად აღნიშნავდა, რომ პირბადის ტარება ნებაყოფლობითი იყო და თავადაც, უმეტეს შემთხვევაში, მის ტარებაზე უარს ამბობდა.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. პანდემიის დაწყებიდან ვირუსი სულ 14 535 196 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 561 427, გარდაიცვალა - 282 829. ეპიდემიოლოგები ამერიკის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო თვეებში, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და მათ შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

ჯერჯერობით, აშშ-ს გამოყენებისათვის კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია. განიხილება რამდენიმე კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის დამტკიცება, თუმცა ამისათვის მათ შემოწმება წარმატებით უნდა გაიარონ.

ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება დიდ ბრიტანეთში, სადაც უკვე დაამტკიცეს Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა. მოსალოდნელია, რომ ამავე ვაქცინის გამოყენება აშშ-ში რამდენიმე კვირაში დაიწყება.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი გეგმავენ ახალი კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთონ. მიზანი ვაქცინისადმი სანდოობის გაზრდა და მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ჩვენებაა.

ბაიდენმა თქვა, რომ ისიც მზადაა, საჯაროდ გაიკეთოს ვაქცინა.

"ხალხმა დაკარგა ვაქცინის მიმართ რწმენა. მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი". – თქვა მან.

კომენტარები