ყაჩაღობა თბილისში

შსს: საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

შსს

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს 1981 წელს დაბადებული ი.ჯ., რომელიც 27 ნოემბერს დიღმის მასივში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა. უწყების ცნობით, ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი.

ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას". – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ი.ჯ. დანაშაულს აღიარებს. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები