ეკონომიკა

ბარელი ნავთობის ფასი 49 დოლარს გაუტოლდა და კრიზისამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა

გუშინ, 25 ნოემბერს, ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 49 დოლარამდე გაიზარდა. დღის განმავლობაში ფასი 1.2%-ით გაიზარდა. 

გუშინ დაფიქსირებული ფასი 6 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სწორედ 6 მარტს ვენაში გამართულ OPEC-ის [ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელი] სხდომაზე ჩაიშალა მხარეებს შორის ერთი წლით ადრე დადებული გარიგება. რის შედეგადაც მხარეებმა ნავთობის მოპოვება გაზარდეს, რასაც ნავთობზე ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. 

ფასის ვარდნას მნიშვნელოვნად განაპირობებდა შემცირებული მოთხოვნაც. გაზაფხულზე ნავთობზე საერთაშორისო მოთხოვნა 1995 წლის დროინდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. შედეგად, ნავთობის ფასი ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულად შემცირდა. 

ნავთობი ფასი ბოლო 5 დღის განმვლობაში მდგრადად მზარდია, რასაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებული გამოცდების შესახებ გავრცელებული ცნობებით გამოწვეულ ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირებენ. 

Brent-ის მარკის ფასის ტრაექტორია გაიმეორა სხვა მარკის ნავთობმაც, მათ შორის 2.5%-ით 46 დოლარამდე გაიზარდა ამერიკული WTI-ის ნავთობის ფასი, 40 დოლარს გადააჭარბა ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობის ფასმაც. 

კომენტარები