კოალიცია თანასწორობისთვის

კოალიცია თანასწორობისთვის 14 ნოემბრის მკვლელობაზე სიძულვილის მოტივის გამოკვეთას მოითხოვს

კოალიცია თანასწორობისთვის

კოალიცია თანასწორობისთვის 2020 წლის 14 ნოემბერს თემქაზე მომხდარ მ.მ.-ს მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს სავარაუდო ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების, ხოლო მედიას დისკრიმინაციის წახალისებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "14 ნოემბერს, თემქაზე, ლ.შ.-ს სახლში მისი მეგობარი, მ.მ.-ს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნ.ნ.-მ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, ხოლო ლ.შ. კი დაჭრა, რის შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას".

2020 წლის 16 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ნ.ნ. და მისი ადვოკატი მსხვერპლის სექსუალურ ორიენტაციაზე მიუთითებდნენ. სწორედ ამ გარემოებას უსვამს ხაზს ბრალდებული დაკითხვისას და აღნიშნავს, რომ მსხვერპლის მხრიდან გაკეთებულმა შეთავაზებამ გამოიწვია მისი სულიერი აღელვება, რაც გახდა მკვლელობის მიზეზი". - წერია კოალიციის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებისთვის არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლს ნამდვილად აქვს თუ არა ნიშანი, ანუ ნამდვილად მიეკუთვნება თუ არა რომელიმე ჯგუფს. სამართალდამცავთა მხრიდან გამოძიებული უნდა იქნეს არა მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია, არამედ ბრალდებულის წინასწარგანწყობასა და აღქმაზე, კერძოდ დანაშაულის ჩადენა, განპირობებული იყო თუ არა მსხვერპლის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ვარაუდით და სტერეოტიპული დამოკიდებულებებით. სისხლის სამართლის საქმეში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს სხვა მოტივის არარსებობა.

"ამასთან, მ.მ.-ს მკვლელობის საქმეში განსაკუთრებით საყურადღებოა ბრალდებულის ჩვენება, სადაც იგი მიუთითებს სულიერ აღელვებაზე, რომელიც სწორედ მისმა სტერეოტიპულმა მიდგომებმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით კი საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო ლიტერატურაში არსებობს "გეი პანიკის" და "ტრანს პანიკის", როგორც დაცვის მხარის არგუმენტის ცნება. აღნიშნული ტაქტიკა გამოიყენებოდა მსოფლიოში ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამნაშავე უთითებდა, რომ მსხვერპლის მხრიდან განხორციელდა "არაძალადობრივი სექსუალური ხასიათის" შეთავაზება, რამაც ის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩააგდო და დანაშაულის ჩადენა განაპირობა. აღნიშნული სტრატეგიის მიზანია, მოახდინოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა, მათ შორის მკვლელობათა გამართლება". - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია თანასწორობისთვის წერს, რომ დაცვის ამგვარი არგუმენტის გამოყენება ახდენს მსხვერპლთა დეჰუმანიზებასა და ამართლებს დანაშაულის ჩადენას, თუ პირის კონკრეტული ქცევა, გარეგნობა ან ქმედება არ შეესაბამება პირის აღქმებსა და სოციალურად კონსტრუირებულ რწმენებს. აღნიშნული კი თავისთავად წარმოადგენს მითითებას იმის შესახებ, რომ დანაშაულებრივი ქმედება, სწორედ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირის თუ პირის შესახებ მისი აღქმის მიუღებლობამ განაპირობა, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ყველაზე ცალსახა და ნათელი მანიფესტაციაა, მიუხედავად იმისა, მსხვერპლი მიეკუთვნებოდა თუ არა კონკრეტულ დისკრიმინირებულ ჯგუფსა თუ დაცულ ნიშანს.

"საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება და დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ზემოაღნიშნულ საქმესთან მიმართებით, მსხვერპლისა და ოჯახის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ასევე ყურადსაღებია მედიის როლიც. ჩვენს ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს მედიის მხრიდან სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტების გაშუქება. ამ მხრივ, პრობლემურია როგორც მსხვერპლის პირად ცხოვრებაში უნებართვო ჩარევის, ისე დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები". - წერს კოალიცია თანასწორობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს რელევანტურ უწყებებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • წარმართოს დროული და ეფექტიანი გამოძიება, და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს რელევანტური მტკიცებულებების მოგროვებას სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირებისთვის, ასეთის არსებობის შეთხვევაში.

პროკურატურას

  • პროკურატურამ ყველა შესაძლო საშუალებით გამოიკვლიოს, ხომ არ მოხდა დანაშაულის ჩადენა შეუწყნარებლობის მოტივით და, დისკრიმინაციის შემთხვევაში, სასამართლო განხილვის დროს უზრუნველყოს მასზე სათანადო აპელირება.

საქართველოს მთავრობას

  • სახელმწიფომ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანად საბრძოლველად, გააძლიეროს ინსტიტუციური მექანიზმები სამართალდამცავ სისტემაში, ეფექტიანად გამოიძიოს და თავიდან აირიდოს ამგვარი დანაშაულები და შეიმუშავოს ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკა.

მედია საშუალებებს

  • ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს მსხვერპლის პირად ცხოვრებაში უნებართვო შეჭრისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაძლიერების შემთხვევები.

კომენტარები