აზერბაიჯანმა სომხეთს ქალბაჯარის რეგიონის დატოვების ვადა გადაუწია

რუსი სამშვიდობოები სოფელ დადივანკის ახლოს
AP

კვირას, 15 ნოემბერს, აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხეთისთვის ქალბაჯარის რეგიონის დატოვების ვადა 25 ნოემბრამდე გადასწიოს.   

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ილჰამ ალიევის მრჩევლის, ჰიქმეტ ჰაჯიევის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი დათანხმდა სომხეთის თხოვნას, მეტი დრო მისცეს სომხურ მხარეს რეგიონის დასატოვებლად. მოლაპარაკებებს შუამდგომლობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 10 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ქალბაჯარის რეგიონის დატოვებისთვის სომხეთს ვადა 15 ნოემბრამდე ჰქონდა. რეგიონის დატოვება სომეხმა მოსახლეობამ გასულ კვირას დაიწყო. მთიანი ყარაბაღის სოფლების დატოვებამდე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საკუთრ სახლებს წვავს, რათა ისინი აზერბაიჯენელებს არ დარჩეთ. ინფორმაცია ამის შესახებ  BBC-მ გაავრცელა.

ქალბაჯარის რეგიონის გარდა, 20 ნოემბრამდე აზერბაიჯანს გადაეცემა აღდამის რეგიონი. ასევე, ხელშეკრულების თანახმად, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან. შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც მან 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. მთიანი ყარაბაღის რეგიონში ასევე განთავსდება რუსული სამშვიდობო ძალების 1960-კაციანი კონტინგენტი.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები