ახალი კორონავირუსი საქართველოში

749 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 340 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

GETTY IMAGES

ახალი კორონავირუსის 17 289 აქტიური შემთხვევიდან 749 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 375 თბილისში მკურნალობს, 162 იმერეთში, ხოლო 121 – აჭარაში.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 340 ინფიცირებული იმყოფება, 168 – თბილისში, 88 – აჭარაში, ხოლო იმერეთში – 30.

ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოებში სულ 5 355 ადამიანი მკურნალობს, 3 361 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 8 573 – ბინაზე.

14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 76 658 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 17 289 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები