თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, COVID-სასტუმროების როლი ძლიერდება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის და კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.
"თუ აქამდე სასტუმროები ერთგვარად ბინის ეკვივალენტის როლს ასრულებდნენ და განაწილება ხდებოდა იმის მიხედვით, ვის არ ჰქონდა ბინაში იზოლაციის პირობები, ახლა სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის, არა მარტო იზოლაციის, არამედ მოვლის და მკურნალობის თვალსაზრისით". - ამბობს ცერცვაძე.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, COVID-სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისებრივად.
"სასტუმრო გახდება საშუალო ბინასა და საავადმყოფოს შორის, სადაც პაციენტს ჩაუტარდება გამოკვლევებიც და, თუ საჭიროა, მსუბუქი მკურნალობაც. რასაკვირველია, სერიოზული მკურნალობა სასტუმროში ვერ ჩატარდება და სერიოზული მკურნალობისთვის რჩება ჰოსპიტალი" - ამბობს ცერცვაძე და აღნიშნავს, რომ "ეს არის საქართველოს ნოუ ჰაუ".
"ბინაზე დარჩებიან აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები და ის, ვისაც რისკის ძალიან დაბალი დონე აქვს დამძიმების, სასტუმროში მოთავსდებიან ისინი, ვინც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც რისკის ფაქტორები და საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას, ხოლო ჰოსპიტალიზებულები იქნებიან ისინი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ეს იყო ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება". - განაცხადა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ COVID-სასტუმროებში განთავსებულ ყველა პაციენტს სამი სახის გამოკვლევა ჩაუტარდება - სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაცია. ამ გამოკვლევებს ბინაზე დარჩენილთა ნაწილსაც ჩაუტარებენ.
- ოთახი გაანიავეთ, მიიღეთ სითხე, დააკვირდით სიმპტომებს – მთავრობა ბინაზე მყოფ ინფიცირებულებს
- როგორ ვმართოთ ბინაზე Covid-ინფიცირების შემთხვევები - სპეციალისტთა რეკომენდაციები
6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა 2/3-ზე მეტი ბინაზე ან COVID-სასტუმროში მკურნალობს.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.





