არჩევნები 2020

ბასილაია: დაკავებები უკანონოა, ყველაფერს ვიზამთ, რომ აქტივისტები პროცესიდან გათავისუფლდნენ

ტაბულა

ადვოკატ ბექა ბასილაია თქმით, ისნის საარჩევნო ოლქთან დაკავებული 7 აქტივისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. 

"ეს დაკავებები ცალსახად უკანონოა და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ ჩაახშოს დემონსტრაციები და საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც აქვს სრულიად ლეგიტიმური საფუძვლები, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. სამართლებრივი ზონიდან ეს ქმედებები უკვე გასულია, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში დავინახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტების სრულიად უკანონო დაკავება".- თქვა ბასილაიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში და აღნიშნა, რომ ადვოკატები ყველანაირად ეცდებიან, რომ "ისინი სასამართლო პროცესიდან გათავისუფლდნენ". 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან გამართულ აქციებზე სულ 12 პირი დააკავეს, 3 – საბურთალოს ოლქთან, 9 კი - ისნის.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, 12 დაკავებული პირიდან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 7 კი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებებს წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება უძღოდა. თავდაპირველად, ისნის ოლქთან 6 ადამიანი დააკავეს, მეორე ინციდენტისას კი - 3.

 

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, აქციას მართავდნენ. აქცია გამართეს საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში, წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრების მოთხოვნაა, საჩივრების განხილვას დაესწრონ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

 

კომენტარები