არჩევნები 2020

არჩევნებში მონაწილეობას კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი მხოლოდ 10 845 პირი შეძლებს

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს. 

რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია. 

ცესკოს ცნობით, 30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ტექსტური შეტყობინება მიუვათ, რომ არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.  

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება. 

"გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს  9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში. 

თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამებოდა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს, სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდნენ. ცესკოს განკარგულებით დამტკიცდა ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე  საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს მიეწოდება" - აცხადებს ცესკო.

აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა 24 ოქტომბრიდან მხოლოდ 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდათ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ამომრჩეველი, ვისაც 28, 29, 30 ოქტომბერს დაუდასტურათ კორონავირუსი - ასეთი დაახლოებით 5 500 ადამიანია. მათ ემატება კონტაქტები, რომლებსაც თვითიზოლაციაში გადასვლა უწევთ.

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 142 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4 200 კლინიკებში მკურნალობს, დანარჩენი - ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში. მათ გარდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 070 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში - 29 387.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები