ევროკავშირი - რუსეთი

ევროკავშირმა ГРУ-ს ხელმძღვანელს, ოფიცერსა და ქვედანაყოფს სანქციები დაუწესა

Reuters

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამხედრო სადაზვერვო ცენტრს 2015 წელს გერმანიის პარლამენტსა და 2018 წელს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერშეტევების განხორციელების გამო სანქციები დაუწესა. მსგავსი სანქციების შემოღებას დიდი ბრიტანეთიც აპირებს.

სანქციები დაედოთ  რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ხელმძღვანელს, იგორ კოსტიუკოვსა და  ГРУ-ს ოფიცერ დმიტრი ბადინს და, ასევე, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფ 26165-ს, რომლის კოდური სახელწოდებაა Fancy Bear.

ისინი, ვინც სანქციების სიაში მოხვდა ვერ შევლენ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და გაიყინა მათი ანგარიშები ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში.

ევროკავშირის განცხადებით, იგორ კოსტიუკოვი ГРУ-ს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა კიბერშეტევებზეა პასუხისმგებელი, ხოლო დმიტრი ბადინი, როგორც ქვედანაყოფ 26165-ს წევრი, მონაწილეობდა გერმანიის პარლამენტზე განხორციელებულ შეტევაში. ევროკავშირი ამბობს, რომ ГРУ-ს ჰაკერები გერმანიის პარლამენტს 2015 წლის აპრილ-მაისში დაესხნენ და დიდი რაოდენობით ინფორმაცია მოიპარეს. შეტევა ასევე შეეხო ანგელა მერკელის და რამდენიმე პარლამენტარის ელექტრონულ ფოსტასაც. კიბერშეტევის შემდეგ პარლამენტის ინფორმაციული სისტემების მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხდა.

ჯერ კიდევ მაისში გერმანიის მთავარმა პროკურორმა დმიტრი ბადინის დაპატიმრება მოითხოვა. გერმანულმა მხარემ ორი ჰაკერის იდენტიფიცირება შეძლო, მაგრამ საკმარისი რაოდენობის სამხილების მოძიება მხოლოდ ბადინზე მოახერხა.

2018 წელს აშშ-მ ბადინი დაადანაშაულა ГРУ-ს  იმ ოფიცრების მოქმედებების კოორდინირებაში, რომლებიც აშშ-ს 2016 წლის საარჩევნო პროცესებში ჩაერივნენ. მას ბრალი წაუყენეს ანტიდოპინგური სააგენტოს, FIFA-ს, World Atletics-ის და სხვა ორგანიზაციების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერთავდასხმისთვისაც.

ევროკავშირი კოსტიუკოვს ადანაშაულებს 2018 წელს ნიდერლანდებში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზციის Wi-Fi ქსელზე კიბერშეტევის მცდელობაში.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ГРУ-ს ხელმძღვანელს, იგორ კოსტიუკოვს სანქციები დაუწესა. 2019 წელს კოსტიუკოვს სანქციები სერეგი სკრიპალისა და მისი შვილის, იულიას „ნოვიჩოკით“ მოწამვლისთვის დაუწესდა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ქვედანაყოფ 74455-ის 6 ოფიცერს სხვადასხვა ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წარუდგინა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებზე თავდასხმის გამოც რუს ოფიცრებს ბრალი წარედგინათ, ერთ-ერთი საქართველოცაა.

კომენტარები