ყაჩაღობა ზუგდიდში

ომბუდსმენი: ძალიან სახიფათოა მძევლის დისკრედიტაციის კამპანია

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "სახიფათოს" უწოდებს სამთავრობო მედიის მიერ პოლიტიკური გემოვნების გამო მძევლის დისკრედიტაციის მცდელობას.

საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელის მიერ აყვანილი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას გაშავებას ტელეკომპანია იმედი დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობს მას შემდეგ, რაც თავდამსხმელის მითითებით, ის მთავარ არხს დაუკავშირდა. 

"მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება, მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა". – წერს ნინო ლომჯარია. 

21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 14:00 საათზე ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები