ახალი კორონავირუსი საქართველოში

ელისაშვილი: ასეთ გამოსავალს გთავაზობთ, არჩევნები 30-31 ოქტომბერს ჩავატაროთ

droa.ge

"კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პირობებში, საარჩევნო უბნებზე ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით, ხელისუფლებასა და მთელს საზოგადოებას ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ: ნაცვლად 31 ოქტომბრისა, არჩევნები პარასკევს - 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩავატაროთ". – ამ ინიციატივით პარტია მოქალაქეების საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი გამოდის. ის ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

ელისაშვილის განმარტებით, ეს საარჩევნო უბნებზე ხალხის ნაკადს შეამცირებს. 

"თუ არჩევნების მეორე დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა, ღმერთმა არ ქნას და გაგვიხუთმაგდება ან გაგვიათმაგდება, მოქალაქეებს ვერ ვეტყვით, რომ კონსტიტუცია არ გვაძლევდა ამის პრევენციის საშუალებას.

თუ სიკვდილიანობა გაგვეზრდება იმიტომ, რომ რისკ ჯგუფები ვერ დავიცავით, ვერ ვეტყვით მათ ოჯახებს, რომ კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, კონსტიტუციის სახელით დაირღვა, რადგან ყველა კონსტიტუცია არის ადამიანების მიერ ადამიანებისთვის ნაწერი და ადამიანის სიცოცხლე მთავარი კონსტიტუციური უფლებაა!

თუ იარსებებს სურვილი, მოიძებნება გამოსავალიც, თუ საჭიროა, ეს იყოს საკონსტიტუციო ცვლილების მიღების უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიოში - დაე იყოს". – წერს ელისაშვილი. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. 

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში COVID-19-ის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი. 

საქართველოში სულ კორონავირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები