ბელარუსი

მინსკში საპროტესტო აქციაში 30 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

Reuters

18 ოქტომბერს მინსკში მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას "პარტიზანების მარში" ეწოდა. გამოცემა Interfax-ის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა, სულ მცირე, 30 000-მა ადამიანმა მიიღო.

აქციის წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰუმანურად გამოიყენებდნენ" ცეცხლსასროლ იარაღს იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევდნენ პოლიციას.

დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება პოლიციიამ გასულ კვირას მიიღო.

დილიდან სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ შენობებსა და მინსკის ცენტრალურ მოედნებს ალყა შემოარტყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. პოლიციის თქმით, მომიტინგეების წინააღმდეგ განსაკუთრებული ზომები არ გამოუყენებიათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა მათ ქვები ესროლეს, რამდენჯერმე ჰაერში რეზინის ტყვიები გაისროლეს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში, ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება.

კომენტარები