დავითგარეჯის საქმე

დავითგარეჯის საქმის გამომძიებელი თავადაც გამოძიების ქვეშაა?

ტაბულას რამდენიმე დამოუკიდებელი და ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, დავითგარეჯის საქმის გამომძიებელი დავით გაგნიძე გამოძიების ქვეშაა. 

როგორც ჩვენი წყაროებისგან ხდება ცნობილი, დავით გაგნიძე, რომელიც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეს იძიებს, თავად არის მიმდინარე გამოძიების ფიგურანტი. გაგნიძე, რომელიც ამჟამად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელია, 2013-2019 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა. 

წყაროთა ინფორმაციით, სწორედ სახელმწიფო აუდიტში მუშაობის პერიოდში მომხდარი ინციდენტის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება. გაგნიძე სახელმწიფო აუდიტში რისკების მთავარ ანალიტიკოსად მუშაობდა. ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ის ფიზიკურად დაუპირისპირდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს, ზ.შ.-ს. 

უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ჩვენი დამოუკიდებელი და ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორივე პირის მიმართ უწყებაში დისციპლინური დევნა დაიწყო, თუმცა დავით გაგნიძემ თანამდებობა დატოვა საკუთარი განცხადების საფუძველზე გასული წლის 14 მაისს . 

წყაროების ინფორმაციით, გამოძიება, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტიც დავით გაგნიძეა, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის საქმეში არც დავით გაგნიძეს აქვს ბრალდებულის სტატუსი და არც ზ.შ.-ს - დაზარალებულის. 

ამის მიუხედავად, გარემოება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს დავითგარეჯის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან, ამ კითხვას უპასუხონ. 

ინფორმაციის გადამოწმება ტაბულამ გენერალურ პროკურატურასა და შსს-ში სცადა. ტაბულა პროკურატურას 14 ოქტომბერს დაუკავშირდა, იმის გამო, რომ ამ დღეს მცხეთობა აღინიშნებოდა განგვიცხადეს, რომ სამუშაო დღეებში დავკავშირებოდით. მრავალი მცდელობის მიუხედავად, პროკურატურასთან ამ საკითხზე გასაუბრება მომდევნო დღეებში ვერ შევძელით. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას 20 000-ლარიანი გირაოთი ითხოვს.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

კომენტარები