დავით-გარეჯი

კობახიძე დანიაში საქართველოს ელჩზე: უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები

პარლამენტი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის Facebook პოსტს ეხმაურება და ამბობს, რომ გიგიაძემ დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები უხეშად დაარღვია. 

ლაპარაკია დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის Facebook-ზე ივერი მელაშვილის მხარდაჭერ პოსტზე, რომელიც მან გუშინ მელაშვილის დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა. გიგიაძის შეფასებით, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია". 

"როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, მინიმუმ, მისი მხრიდან, უნდა იყოს ფაქტები გადამოწმებული და კომუნიკაცია უნდა შედგეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, არ გაკეთებულა, აქედან გამომდინარე, უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები." - ამბობს კობახიძე. 

გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა.

კომენტარები