ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში სასუნთქი აპარატებისა და საწოლფონდის დეფიციტი არ ყოფილა და არც ახლაა. თქვა ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ტიკარაძის ცნობით, ამ ეტაპზე, 3 000-მდე საწოლია მობილიზებული.

"სასუნთქი აპარატების დეფიციტი საქართველოში არც გაგვაჩნდა და არც ახლა გაგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გავაუმჯობესეთ სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობა, ვინაიდან შევიძინეთ არაერთი სასუნთქი აპარატი. დეფიციტი არ გაგვაჩნია ქვეყნის მასშტაბით არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის.

ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 3 000-ზე მეტი საწოლი და დამატებით ჩაერთვებიან კლინიკები, რომლებსაც აქვთ წინასწარ შეთანხმებული პირობები და იციან, თუ რა პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს საწოლფონდის განთავისუფლება [სტილი დაცულია]". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 297 აჭარაში, 78 კი თბილისში დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, რაც ვირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში აღირიცხა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები