სომხეთი-აზერბაიჯანი

იან კელი ყარაბაღში დაპირისპირებაზე: ეს სერიოზულია მთელი რეგიონისთვის

საქართველოს პარლამენტი

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება.

"ეს სერიოზულია არა მხოლოდ 2 ქვეყნისათვის, რომელიც ჩართულია, არამედ მთელი რეგიონისთვის. რუსეთს აქვს ხელშეკრულება სომხეთთან და სამხედრო ბაზა იქ, თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირეა. ორივემ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიაროს, რომ მოკავშირე მოამარაგოს. საეჭვოა, საქართველომ ეს დაუშვას, განსაკუთრებით რუსეთისათვის". – წერს ის.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდება.

მსხვერპლის შესახებ საუბრობს ორივე მხარე. დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი.

თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომეხ ხალხს მოუწოდა, წინ აღუდგნენ ლიდერებს, რომლებიც ცდილობენ, ისინი "კატასტროფაში ჩაითრიონ". ერდოღანმა სოლიდარობა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრეზიდენტს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინის პრესსამსახურის თქმით მან ფაშინიანთან საუბარში სამხედრო შეტაკებების გამო შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა არ მოხდეს დაპირისპირების ესკალაცია და საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. საქართველო კი მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც. აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს გამოიყენონ პირდაპირი კომუნიკაციისათვის არსებული კავშირები, რათა თავიდან აიცილონ ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია და თავი აარიდონ რიტორიკას და ქმედებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს ადგილზე სიტუაციას.

"აშშ-ს მიაჩნია, რომ ძალადობის ესკალაციაში გარეშე ძალების მონაწილეობა ხელის შემშლელი იქნება და რეგიონში დაძაბულობას მხოლოდ გაამწვავებს". - ნათქვამია განცხადებაში.

მთაინი ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა 2016 წელსაც, რასაც სულ მცირე 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპირისპირება 4 დღეს გაგრძელდა. მიმდინარე წლის ივლისში კი ტავუში - თოვუზის რეგიონში მოხდა შეიარაღებული დაპირისპირებ. დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები