აშშ-ს უზენაესი სასამართლო

დონალდ ტრამპმა უზენაესი მოსამართლის პოსტზე გინსბურგის შემცვლელად ემი კონი ბარეტი წარადგინა

დონალდ ტრამპი და ემი კონი ბარეტი
AP

დონალდ ტრამპმა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პოსტზე რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელად ემი კონი ბარეტი წარადგინა.

ბარეტი კონსერვატორების ფავორიტი კანდიდატია და თუ სენატი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის გახდება მეხუთე ქალი უზენაესი მოსამართლე და აშშ-ს უზენაეს სასამართლოში კონსერვატორები 6-3 უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილები.

წარდგენაზე ტრამპმა მოსამართლე ბარეტი დაახასიათა, როგორც სამართლის დარგის ერთერთი ყველაზე ბრწყინვალე და ნიჭიერი წარმომადგენელი.

ემი კონი ბარეტი უზენაესი მოსამართლეობის მესამე კანდიდატია, რომელიც ტრამპმა წარადგინა. ისევე, როგორც ნილ გორსაჩი და ბრეტ კავანო, 48 წლის ბარეტი ახალგაზრდა კანდიდატია, რომელსაც აქვს პოტენციალი, დიდი ხნის მანძილზე შეასრულოს უზენაესი მოსამართლის ვალდებულებები და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

თავად ემი ბარეტმა თქვა, რომ თუ უზენაესი მოსამართლე გახდება, ანტონინ სკალიას მაგალითით იხელმძღვანელებს. სკალია, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა, უზენაესი მოსამართლე იყო, ბარეტი მისთვის მუშაობდა და სკალიას თავის მენტორად თვლის.

ემი კონი ბარეტი ნოტრ დამის უნივერსიტეტში სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ ანტონინ სკალიასთან მუშაობდა. 2017 წელს დონალდ ტრამპმა ის ჩიკაგოში მოსამართლის კადიდატურაზე დაასახელა.

ბარეტი თავს მორწმუნე კათოლიკედ მიიჩნევს და თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება, ეს არის ერთერთი მიზეზი რის გამოც ის ფავორიტი კანდიდატია მორწმუნე კონსერვატორებისა, რომელსაც 1973 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა უნდათ, რომლის თანახმადაც, აბორტი აშშ-ს მასშტაბით ლეგალურია. 

დემოკრატები ტრამპის მიერ ახალი კანდიდატის წარდგენას ეწინააღმდეგებიან.

"სენატმა არ უნდა უყაროს კენჭი კანდიდატურას, მანამ სანამ ამერიკელი ხალხი არ აირჩევს თავის შემდეგ რეზიდენტსა და შემდეგ კონგრესს". – თქვა ჯო ბაიდენმა.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკ-კონელმა თქვა, რომ თუ ტრამპი ამას გააკეთებს, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას კენჭს უყრიან, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ანტონინ სკალიას შემცვლელის არჩევის უფლება არ მისცეს. სკალიას შემცვლელად ნილ გორსაჩი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა. 2018 წელს, მიუხედავად სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდებებისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ტრამპის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი კანდიდატი ბრეტ კავანო. მან ენტონი კენედი ჩაანაცვლა. ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.

კომენტარები