პალესტინა

ჰამასი და ფათაჰი 2006 წლის შემდეგ პირველი პალესტინური არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ

AFP

დაჯგუფებები ჰამასი და ფათაჰი ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველი პალესტინური არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ჰამასს კონტროლი აქვს დამყარებული ღაზის სექტორზე, ხოლო ფათაჰს დასავლეთ სანაპიროზე.

არჩევნები მომდევნო 6 თვის ვადაში დაინიშნება. ამის შესახებ შეთანხმებას ფათაჰის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა და ჰამასის ლიდერმა ისმაილ ჰანიამ მიაღწიეს.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯერ საკანონმდებლო ორგანოს (პალესტინის საკანონმდებლო საბჭო) არჩევნები ჩატარდება, შემდეგ - პალესტინის პრეზიდენტის, საბოლოოდ კი პალეტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ცენტრალური საბჭოსი". - თქვა ფათაჰის წარმომადგენელმა.

ბოლო მსგავსი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა და ჰამასმა გაიმარჯვა. დაჯგუფებებმა ჩამოაყალიბეს ერთობლივი მთავრობა, რომელიც მალევე დაიშალა და ამას ღაზის სექტორში სისხლიანი დაპირისპირებები მოჰყვა. მას შემდეგ ღაზის სექტორს ჰამასი მართავს, ხოლო ფათაჰი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაშია კონცენტრირებული.

მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა გასული წლების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ეს უშედეგოდ დასრულდა. 2012 წელს შედგა პატიმრების გაცვლის შეთანხმება, 2014 წელს კი მათ კვლავ სცადეს ერთობლივი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მალევე დაიშალა.

ამჟამად მოლაპარაკებებს ხელი შეუწყო რამდენიმე არაბული ქვეყნის მიერ ისრაელთან შეთანხმების ხელმოწერამ. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმებას მოწერეს ხელი. მანამდე ისინი იზიარებდნენ სხვა არაბული ქვეყნების გადაწყვეტილებას, არ აღედგინათ ისრაელთან ურთიერთობა მანამ, სანამ ქვეყანა პალესტინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევდა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე მსგავს შეთანხმებას კიდევ რამდენიმე არაბული ქვეყანა მოაწერს ხელს. პროტესტის ნიშნად პალესტინამ არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე თქვა უარი.

კომენტარები