შვეიცარიის რეფერენდუმი

შვეიცარიის რეფერენდუმზე EU-სთან თავისუფალი გადაადგილების შეთანხმების შეჩერებას უყრიან კენჭს

AFP

27 სექტემბერს შვეიცარიაში რეფერენდუმი გაიმართება, რომელზეც კენჭს უყრიან ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შეთანხმების შენარჩუნებას ან შეჩერებას.

რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის პარლამენტში ყველაზე დიდმა პარტიამ, მემარჯვენე, ანტი-საიმიგრაციო შვეიცარიის სახალხო პარტიამ მოითხოვა. მათი თქმით, ქვეყანამ უნდა დააწესოს შეზღუდვები სამუშაოდ ჩასული უცხოელების რაოდენობის დასარეგულირებლად.

"მიგრანტები ჩვენს კულტურას ცვლიან. საჯარო მოედნები, მატარებლები, ქუჩები ნაკლებად უსაფრთხო გახდა. გარდა ამისა, სახელმწიფოსგან დახმარების მიმღებთა თითქმის ნახევარი უცხოელია". - ნათქვამია პარტიის მიერ რეფერენდუმის კამპანიისათვის შექმნილ ვებგვერდზე. მათი თქმით, ეს გამოიწვევს შვეიცარიელების უმუშევრობის ზრდას და, ასევე, გაიზრდება სკოლების, ტრანსპორტის და სხვა საჯარო სერვისების ხარჯები.

უკანასკნელი გამოკითხვებით თავისუფალი გადაადგილების შეთანხმების დატოვების მომხრეა გამოკითხულთა 63%.

ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი გადაადგილების შეთანხმების გაუქმებით ქვეყანა კვალიფიციურ მუშახელს დაკარგავს და საფრთხეს შეუქმნის 120-მდე ორმხრივ შეთანხმებას, რომელშიც ამჟამად შვეიცარია ევროკავშირის ქვეყნებთან არის შესული, მათ შორის არის შვეიცარიული ბიზნესისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე შეთანხმებები პოლიციაზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე, განათლებაზე და ა.შ.

მთავრობის ინფორმაციით, თუ მოსახლეობის საკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში შვეიცარია თავისუფალი გადაადგილების შეთანხმებას შეწყვეტს, ასევე შეწყდება ექვსი შეთანხმება, რომლებიც ქვეყანას ბარიერებს უხსნის ევროკავშირთან ვაჭრობაზე, ტრანსპორტზე და სხვა სფეროებში.

2014 წლის რეფერენდუმზე შვეიცარიის სახალხო პარტიამ მიგრაციაზე კვოტების დაწესება გაიტანა და 50.3%-ით მოიგო. მიუხედავად ამისა, კონკრეტული შეზღუდვები არ დაწესებულა. ევროკავშირში კვლავ აცხადებენ, რომ შეთანხმების გაუქმება ერთობლივი ბაზრიდან შვეიცარიის გამოთიშვას გამოიწვევს.

შვეიცარიის 8.6 მილიონი მოსახლიდან თითქმის 1/4-ს მოქალაქეობა არ აქვს. პროგნოზების მიხედვით მომდევნო 30 წლის განმავლობაში მიგრანტების ხარჯზე მოსახლეობა 10 მილიონამდე გაიზრდება. 2019 წელს შვეიცარიაში მცხოვრები უცხოელების 68%-ს ევროკავშირის, ისლანდიის, ნორვეგიისა და ლიხტენშეიტინის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. მათგან ყველაზე მეტი იტალიიდან, გერმანიიდან და პორტუგალიიდან იყო. ევროკავშირის ქვეყნებში კი 450 000-მდე შვეიცარიელი ცხოვრობს.

კომენტარები