ფრენები

გახარია: სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"უკვე ასეთი 3 სუბსიდირებული რეისი შესრულდა და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ". – თქვა გიორგი გახარიამ.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისებს შეასრულებს.

საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ სამ ავიაკომპანიას აქვს - Lufthansa (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Air France (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ), Air Baltic (თბილისი-რიგა, კვირაში ორჯერ). ასევე ავიაკომპანია აირზენა ასრულებს თვეში რამდენიმე ჩარტერულ რეისს ბერლინის, ვენის, პარიზის და ამსტერდამის მიმართულებით, ხოლო ეგეოსის ავიახაზები - ათენის მიმართულებით. გარდა ამისა, მთავრობამ სტამბოლის, კიევის, დოჰის და ვარშავის რეისზე ცალმხრივი ჩარტერები დანიშნა - მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან გაფრენა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

ნათია თურნავამ დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენაზე პირველად გუშინ, 16 სექტემბერს ილაპარაკა. მან ევრონიუს საქართველოს ეთერში თქვა, რომ სექტემბერშივე აღადგენდა Wizzair-ი "გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენებს" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

"ასევე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-ი აღადგენს ფრენებს.

რა სიხშირით იქნება, რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებებს. ასე რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში" - თქვა თურნავამ. 

აღსანიშნავია, რომ ავიაციის სააგენტოს ნოტამის მიხედვით, რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.

კომენტარები