ფრენები

გამყრელიძე კარანტინზე: მიზანია, თავიდან ავიცილოთ დიდი რაოდენობით ადამიანის მოზღვავება

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი იმიტომ დაწესდა, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს დიდი რაოდენობით ადამიანის მოზღვავება. 

თქვა ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ტაბულას კითხვის პასუხად. ტაბულამ NCDC-ს ხელმძღვანელს ჰკითხა, რატომ უნდა გაიარონ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინი, როდესაც ამ ქვეყნების მოქალაქეებსა, თუ რეზიდენტებს ამას არ ვთხოვთ. 

"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამოგზაუროდ ან სხვა მიზნით წაბრძანდებიან ამ ხუთ ქვეყანაში, დაბრუნებისას, დიახ, მათ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მოუწევთ კარანტინში გადასვლა იმიტომ, რომ თავიდან იქნეს აცილებული დიდი რაოდენობით ადამიანის მოზღვავება.

ყველაფერი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. გარკვეულ ნაბიჯზე, ალბათ, შემდგომ უკვე მოხდება და იქნება განხილვის საგანი [მოხსნა]". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს აქვთ უფლება, რომ ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის გარეშე გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი. 

"გარდა იმისა, რომ მათ უნდა შეავსონ გარკვეული ფორმა და თუ თერმოსკრინინგის დროს აღმოაჩნდებათ ტემპერატურა, მაშინ აეღებათ PCR-ზე ნაცხის ანალიზი იქვე აეროპორტში. შემდეგ წავლენ, ყოველგვარი დაცდის გარეშე, დანიშნულების ადგილზე. თუ ნაცხის პასუხი იქნება დადებითი [ახალ კორონავირუსზე], ჩატარდება შემდგომი მოქმედებები. 

ამ ადამიანებზე არავითარი სხვა დამატებითი პირობა არ ვრცელდება და ეს არის ორმხრივი შეთანხმების ნაწილი. ანუ ეს ქვეყნები ცნობენ საქართველოს უსაფრთხოდ, და ჩვენც შესაბამისად მათ გავუხსენით კარი". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის.

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ.

საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ზემოთ ჩამოთვლილი ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ.

კომენტარები