ნაციონალური მოძრაობა

"დაავალე მიშას" - ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია ახალ კამპანიას იწყებს, რომელსაც "დაავალე მიშას" ერქმევა. 

"ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ნაციონალური მოძრაობისგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და, ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან. 

ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, შეგხვდებიან თითოეულ თქვენგანს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ დავალებებს, რომლებიც უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენზე უკეთ არავინ არ იცის, თუ რა პრობლემებია დღეს თქვენს სოფლებში, თქვენს ქალაქებში და რა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ უსწრაფესად გადაიჭრას.  

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თქვენი დავალებები იქნება ის გზამკვლევი, რომლითაც უნდა დავიწყოთ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დღეს თქვენ გაწუხებთ". – თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

უდუმაშვილის თქმით, ხალხის მიერ მიცემული დავალებები პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა და "თავად მოგახსენებთ თავის გეგმას, როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს დაგროვილი არის მოსახლეობაში."  

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი სააკაშვილი იქნება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

კომენტარები