NDI-ის კვლევა

NDI: ეროვნული დონის საკითხებს შორის, მოსახლეობის 49%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმებაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ რომელი ეროვნული დონის საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი, მოსახლეობის 49%-ის პასუხი სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დონის საკითხი მისთვის და მისი ოჯახისთვის სიღარიბეა. 28%-სთვის ტერიტორიული მთლიანობა, 20%-სთვის ფასების ზრდა/ინფლაცია.

მოსახლეობის 13%-ს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული დონის საკითხად განათლება მიაჩნია, ასევე 13 პროცენტი პენსიებს ასახელებს, ხოლო 10% ხელფასებს.

გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.


ფოტო: NDI


ფოტო: NDI

NDI-ის მირ მომზადებულ კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ინტერვიუ პირისპირ ჩატარებული ინტერვიუსგან განსხვავდება. სატელეფონო ინტერვიუსას უფრო მეტია ალბათობა, რომ რესპონდენტმა კითხვა ვერ გაიგოს და ინტერვიუერი ვერ მიხვდეს, რომ ვერ გაიგო. ინტერვიუერმა არ იცის როგორ გარემოში იმყოფება რესპონდენტი. ასევე, ზოგი რესპონდენტი უფრო ხელმისაწვდომია სატელეფონო ფორმით, მაგალითად, კაცები, ან ადამიანები, რომლებიც სახლში იშვიათად არიან.

კომენტარები