ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი

პრემიერმინისტ გიორგი გახარიას ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მომავალ დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი.

გახარიას შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მთავრობა პროცესს მართავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"როდესაც ვამბობთ, რომ მიღებული შეზღუდვების დისციპლინა და აღსრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცეებს, მაგალითად, პირბადის ტარება აუცილებლად დახურულ სივრცეში, ასევე პირბადის ტარება, როგორც რეკომენდაცია, ღია სივრცეში, მაგალითად პირბადის ტარება, როდესაც ღია სივრცეში ხდება 200-მდე ადამიანის შეკრება სხვადასხვა ღონისძიებების დროს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენა და ა.შ". – თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დღიურად გასაკეთებელი PCR ტესტების რაოდენობა 10 000-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის, დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთ დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. რაც შეეხება ბათუმს, იქ სასწავლო პროცესი 1-ელ ნოემბრამდე არ აღდგება.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის რეკორდული მაჩვენებელი – 87 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები