გიორგი ვაშაძე

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზე გაკეთებულ განცხადებაზე ვაშაძე შსს-ში დაიბარეს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზე გაკეთებული განცხადების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ვაშაძე საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და პოლიციაში გამოცხადებას არ აპირებს. 

"გამომდინარე იქედან, რომ ანალოგიური საქმეების გამოძიებისა და პოლიციის მიმართ ჩვენი ნდობა არის ნულოვანი, რადგან დამსხვრეული ოცნებების მთავრობას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული არცერთი ფაქტი დღემდე არ გამოუძიებია, რადგან არცერთი დამნაშავე დღემდე არ დასჯილა და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლნი, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროების ფაქტების ვითომდა გამოძიების დროს, დღეს თავად აღმოჩნდნენ დაზარალებულები, ბატონი გიორგი პოლიციაში არ გამოცხადდება. ჩვენ პოლიციის მიმართ არსებულ უნდობლობაზე არაერთხელ გვითქვამს. შედეგად, გიორგი ვაშაძე კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვს და მიმართავს სასამართლოს, შესაბამისად, მისი გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს". – ამბობს ჩიხლაძე. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 6 სექტემბერს თქვა, რომ მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ვაშაძე მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. 

"ჟურნალისტებთან ჭორაობის ნაცვლად, ინფორმაცია შესაბამის უწყებებში მიიტანოს". – თქვა პრემიერმინისტრმა გახარიამ ვაშაძის განცხადებაზე.

კომენტარები