ტოკიოს ოლიმპიადა 2020

ტოკიოს ილიმპიადა 2021 წელს "კოვიდით ან კოვიდის გარეშე" ჩატარდება

Getty Images

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო, მომავალ წელს "კოვიდით ან კოვიდის გარეშე" ჩატარდება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარემ, ჯონ ქოუთსმა საინფორმაციო სააგენტოს, AFP-ს დაუდასტურა, რომ ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება. ქოუთსმა ტოკიოს წლის ოლიმპიადას "თამაშები, რომლებმაც კოვიდი დაამარცხა" უწოდა.

ამ დრომდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებდა, რომ ოლიმპიურ თამაშებს 2021 წლის იქით არ გადადებდა.

ქოუთსის ინფორმაცით, არ შეიცვლებოდა ოლიმპიადის თემაც. ტოკიოს ოლიმპიადა 2011 წელს იაპონიაში მომხდარ კატასტროფულ მიწისძვრასა და ცუნამის შემდეგ ქვეყნის აღდგენას ეძღვნება.

"ეს თამაშები იქნება თამაშები, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს, სინათლე გვირაბის ბოლოს". – ამბობს ჯონ ქოუთსი.

​ტოკიო ოლიმპიადის მთავარმა აღმასრულებელმა, ტოშირო მუტომ განაცხადა, რომ არსებობდა თამაშებზე დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვის შესაძლებლობა. თუმცა ტოკიოს სურს, თავიდან აიცილოს თამაშების დამსწრეთა გარეშე ჩატარების შესაძლებლობა.

ტოშირო მუტომ აღნიშნა, რომ იგეგმებოდა ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიის გამარტივება და თითოეული ქვეყნის დელეგაციის წევრების შემცირება.

2020 წლის ოლიმპიადაში 200 ქვეყნის 11 000 ათლეტი აპირებდა მონაწილეობის მიღებას. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს მოგზაურობაზე არსებული შეზღუდვები ოლიმპიადაში მათ მონაწილეობაზე. ამჟამად იაპონიის საზღვრები ძირითადად დაკეტილია უცხოელი სტუმრებისთვის.

ტოშირო მუტოს განცხადებით, ვაქცინის არსებობა არ წარმოადგენდა ოლიმპიადის ჩატარების აუცილებელ პირობას. თუმცა, სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა ეჭვი გამოთქვეს ოლიმპიადის ვაქცინის გარეშე ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

"თუ ვაქცინა მზად იქნება, ეს სასარგებლო იქნება, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ მის გარეშე ღონისძიების ჩატარება არ შეგვიძლია. ეს არ არის წინაპირობა". – ამბობს მუტო.

აპრილში არსებობდა სერიოზული ვარაუდი, რომ თუ ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წელს არ ჩატარდებოდა ის გაუქმდებოდა.

ისტორიულად ოლიმპიადა მხოლოდ ომის გამო გაუუქმებიათ. ოლიმპიური თამაშები ჯერ არასდროს გადაუდიათ.

კომენტარები