არჩევნები 2020

ინაშვილმა დოსიეს ცნობების საპირწონედ ვენესუელაში 8 დღის წინ შექმნილი საიტი მოიყვანა

რუსთავი 2/ კადრი გადაცემიდან

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რუსი ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიეს მიერ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ ვენესუელაში 2020 წლის 27 აგვისტოს შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიყვანა.

დოსიეს ცნობით, ირმა ინაშვილის პარტია კრემლისგან პირდაპირ იღებს დავალებებსა და მითითებებს. ამ თემაზე საუბრისას რუსთავი 2-ის ეთერში, ღამის კურიერში დეპუტატმა თქვა, რომ ვენესუელაში არსებული მედიის ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნიკოლას მადუროს 25 მილიონი მოსთხოვა, რათა საქართველოში ვითარება შეიცვალოს.

დეპუტატი ცდილობდა, მედია სანდო წყაროდ გამოეყვანა იქამდე, ვიდრე გადაცემის წამყვანმა, ირაკლი იმნაიშვილმა არ შეახსენა, რომ რესურსი, რომელსაც ის ცდილობს, მაყურებელს სანდოდ მიასაღოს, 8 დღის წინ ერთერთ ყველაზე არადემოკრატიულ ქვეყანაში შეიქმნა.

ირმა ინაშვილს გამოცემის სახელი არ უხსენებია, შესაბამისად, ტაბულა ვერ შეძლებს ამ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა დეპუტატი წამყვანს არ შეწინააღმდეგებია.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ბოლო, 2019 წლის კვლევაში წერია: 

"ათწლეულზე მეტია ვენესუელას ხელისუფლება იყენებს თავის ძალაუფლებას მედიის რეგულირებისთვის და აგრესიულად მოქმედებს იმისთვის, რათა შეამციროს დამოუკიდებელი მედია გამოცემების რაოდენობა... მიუხედავად იმისა, რომ გაზეთების, ვებგვერდებისა და რადიო სადგურების მცირე რაოდენობა ხელისუფლებას აკრიტიკებს, რეპრესიების შიშმა თვითცენზურა სერიოზულ პრობლემად აქცია". 

24 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, კრემლი პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ პირდაპირ ეხმარება.

ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანი ეხმარება, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები აკონტროლებენ.

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები.

1-ელ სექტემბერს გამოქვეყნდა დოსიეს გამოძიების მეორე ნაწილი, სადაც ლაპარაკია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული. ირკვევა, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნა შეთანხმებული გზავნილები, რომლებითაც "პატრიოტებს" აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებული "თავდასხმები" უნდა მოეგერიებინათ.
 

კომენტარები