უკრაინა-ბელარუსი

უკრაინის რადაში დეპუტატები ბელარუსის დროშებით მივიდნენ

Twitter

4 სექტემბერს უკრაინის რადაში პარლამენტარები ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი დროშებით მივიდნენ. ამ დროშებს ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე აფრიალებენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. როგორც Belsat წერს, დეპუტატები პარტიებიდან "ხმიდან", "ევროპული სოლიდარობიდან" და "მამულიდან" არიან. 

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები