თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

POG: საჭეზე, სახელურზე, გასაღებზე, წამლებზე, ბოთლსა და პირად ნივთებზე ბაჩალიაშვილის დნმ-ია

მთავარი პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შედეგებს - ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიურ დასკვნებს ასაჯაროებს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ ფარმადეპოს პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, ნაბეღლავისა და ბაკურიანის ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.

"ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებსა და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ტრასოლოგიური დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ არის.

"ასევე, ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა. გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა" - აცხადებს პროკურატურა.

საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში, თირკმელში, კუნთში - აღმოჩნდა სხვადასხვა პრეპარატის შემცველი ნივთიერებები. ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

"ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს - საძილე აბები ურეცეპტოდ, სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები. ასევე, მან გუგლის საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ინფორმაციით, იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე ფარმადეპოს, იმპექსის, პსპ-ს, ჯიპისის, ავერსის აფთიაქებში, სადაც შეიძინა სხვადასხვა პრეპარატის 150 აბი.

"პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ვასაჯაროებთ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რომლებიც ასახავს 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზების დასკვნების და გამოძიების შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოების ინფორმირებას  პერიოდულად მოახდენს" - აცხადებს პროკურატურა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სუიციდის ვერსიის არ სჯერა, გამოძიებას არ ენდობა და პროკურატურასთან აქციებს აანონსებს.

კომენტარები