აშშ-რუსეთი-ბელარუსი

აშშ რუსეთს მოუწოდებს პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს

კეილი მაკინანი

აშშ რუსეთს მოუწოდებს პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და დემოკრატიას. განცხადება ამ საკითხზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეილი მაკინანიმ გააკეთა.

"რუსეთმა პატივი უნდა სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და საკუთარი მოქალაქეების უფლებას აირჩიონ ლიდერები თავისუფლად და სამართლიანად. ბელარუსის მშვიდობიან აქციებზე გამოსული მოქალაქეების რაოდენობა ნათლად აჩვენებს, რომ მთავრობა დემოკრატიისაკენ ხალხის მოწოდებას ვეღარ უგულებელყოფს". – თქვა მან.

მაკინანის განცხადების მიხედვით, ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს საარჩევნო და ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და აქციების დარბევის გამოძიებას. ამასთანავე, აშშ რუსეთს მოუწოდებს ევროკავშირის მოთხოვნა გაითვალისწინოს და თავი შეიკავოს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში ჩარევისაგან.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

მას შემდეგ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება. პუტინი და ლუკაშენკო უახლოეს მომავალში შეხვედრას მოსკოვში გამართავენ. ამის შესახებ კრემლმა ინფორმაცია მათ შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

კომენტარები