გერმანია

გერმანიაში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 300-მდე ადამიანი დააკავეს

REUTERS

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 38 000-მდე ადამიანმა.

დააკავეს 300-მდე ადამიანი. მათ შორის 200-მდე პირი პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების წესებს არღვევდა და პოლიციის მიერ დაშლის ბრძანების გაცემის შემდეგ მათ ქვები და ბოთლები ისროლეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა კორდონის გარღვევა და რაიხსტაგის შენობაში შეჭრა სცადა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

გერმანული მედიის მიხედვით აქციაში ულტრამემარჯვენე ჯგუფები მონაწილეობდნენ.

მომიტინგეთა ნაწილს მიაჩნია, რომ კორონავირუსი არ არსებობს ან სჯერათ შეთქმულების თეორიების, რომელთა მიხედვითაც ვირუსს 5G ქსელები იწვევს, ნაწილი კი თვლის, რომ მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლისათვის შემოღებული ზომები კონსტიტუციით გაწერილ უფლებებს არღვევს.

მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა ევროპის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ლონდონში, ვენაში, პარიზსა და ციურიხში.

გერმანიაში კორონავირუსის გამო შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება აპრილიდან დაიწყეს. კვლავ ძალაში რჩება დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების, სოციალური დისტანციის დაცვის და ხალხმრავალი შეკრებების ჩატარების აკრძალვის წესები.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ბევრად დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში და ამ დრომდე ვირუსის მეორე ტალღა არ დაფიქსირებულა, ინფიცირების შემთხვევები იზრდება და აპრილში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს უტოლდება.

უკანასკნელი მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 242 825 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 9 363 ადამიანი.

კომენტარები