11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს, ოჯახი დახმარებას ითხოვს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილის დის, თინათინ აბჟანდაძის თქმით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა, ვადაგასული პასპორტის გამო, საბერძნეთი-თურქეთის საზღვრიდან უკან დააბრუნეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, აბჟანდაძე ამბობს, რომ ბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ. ისინი საქართველოს ხელისუფლებასა და თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვენ.

"ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო. ვითხოვთ დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ.“ – თქვა გარდაცვლილის დამ, ინტერპრესნიუსის ცნობით.

11 წლის ბიჭი თერჯოლის ერთერთ სოფელში თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. შსს-ს ცნობით, თვითმკვლელობის მიზეზი მამის მხრიდან სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა. ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა. 

49 წლის ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 აგვისტოს შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შვილთან "იშვიათი ურთიერთობა" ჰქონდა. 

კომენტარები