ცენტრ დოსიეს გამოძიება

კაპანაძე დოსიეს გამოძიებაზე: პრორუსული ძალები პოლიტიკიდან მაქსიმალურად უნდა გავრიყოთ

ტაბულა

"ის, რომ საქართველოში პრორუსული ძალები ბოლო პერიოდში გაძლიერდნენ, საიდუმლო აღარ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს პრორუსული პოლიტიკური ძალები პოლიტიკიდან მაქსიმალურად უნდა გავრიყოთ." - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე დოსიეს გამოძიებას, რომლის მიხედვითაც პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი ეხმარება, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.  

კაპანაძის თქმით, როდესაც ასეთი ინფორმაცია საჯაროვდება, სუს-ს, პროკურატურასა და ხელისუფლებას მყისიერი რეაქციის ვალდებულება აქვს. მისივე სიტყვებით, განაცხადის შეტანა საჭირო არ უნდა იყოს - საჯარო ინფორმაცია გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველი შეიძლება გახდეს. 

"ის, რაც გასაჯაროვდა, კანონით არის აკრძალული. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უკრაინულ გვერდზე რომ ჩანაწერი დაიდებოდა ხოლმე, სრულიად უცნაური წარმომავლობის, მასზე მყისიერად იწყებდა გამოძიებას. ამ ინფორმაციაზე გამოძიება არ დაუწყია მიუხედავად ორი დღისა და მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა.

იქ მთელი რიგი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებია. მარტო ის კი არა, რომ უცხოეთიდან დაფინანსება არის აკრძალული, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა ამ შემთხვევაში. პირდაპირ იკვეთება უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საარჩევნო პროცესებში." – ამბობს კაპანაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყება, კაპანაძე პასუხობს, რომ "წესით, უნდა დაიწყოს გამოძიება, იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა." თუმცა, მისივე სიტყვებით, გამოძიების დაწყების მოლოდინი არ აქვს, რადგან "ქართული ოცნების მთავარი პარტნიორი ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტის შიგნით და გარეთ პატრიოტთა ალიანსია." 

"სწორედ მას იყენებს თავისი ყველაზე შავრაზმული გზავნილების გასაჟღერებლად. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ერთ პოზიციაზე არიან ხოლმე." – ამბობს სერგი კაპანაძე.  

დღეს, 25 აგვისტოს, ევროპულმა საქართველომ პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის მტკიცებით კი პარტია რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს. მისი თქმით, რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიეს საგამოძიებო მასალაში 8-მილიონიანი დაფინანსება იმიტომ ახსენეს, რომ მისი პარტიის საარჩევნო ნომერი არის 8. საგანგებო ბრიფინგზე ინაშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია საარჩევნოდ "ოთხ ამერიკულ, ორ ებრაულ და მხოლოდ ერთ რუსულ" საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს

რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიეს ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი ეხმარება, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ. 

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიას მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები. 

ცენტრისთვის ცნობილი არ არის მიხეევის მიერ დასახელებული 700 ათასი დოლარის წარმომავლობა, თუმცა ცნობილია, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიას მოსკოვში დაფუძნებული კომპანია POLITSECRETS მართავს. ცენტრი, ასევე, ასაჯაროებს პატრიოტთა ალიანსის მიერ გაგზავნილ წინასაარჩევნო ბიუჯეტს, რომელიც 4-თვიან პერიოდს მოიცავს. როგორც დოკუმენტებშია მითითებული, კამპანიის ღირებულება ჯამურად 8 მილიონ დოლარს აღემატება. 

კომენტარები