აშშ-ირანი

ტრამპს სურს, გაეროს მიერ ირანისათვის დაწესებული ყველა სანქცია აღდგეს

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, ირანისათვის აღდგეს ყველა საერთაშორისო სანქცია, რომელიც 2015 წელს ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ მოიხსნა.

ტრამპის მითითებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ნიუ-იორკში ჩავა და გაეროს შეატყობინებს, რომ აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს იმ მექანიზმს აამოქმედებს, რომელიც ირანისათვის დაწესებულ სანქციებს აღადგენს.

"აშშ გეგმავს, აღადგინოს ირანისათვის გაეროს მიერ დაწესებული ყველა სანქცია, რომელიც შეჩერდა". - თქვა ტრამპმა.

მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც აშშ გეგმავს, მოიცავს 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში ეტაპობრივად მოხსნილი სანქციების დაბრუნებას, თუმცა ამას მხარი უნდა დაუჭირონ უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმაც. სანქციების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან რუსეთი და ჩინეთი. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ, ვინაიდან აშშ-მ შეთანხმება დატოვა, მას უფლება არ აქვს, სანქციების დაბრუნება მოითხოვოს. რუსეთში აშშ-ს ნაბიჯს ირანის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას უწოდებენ. ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას ემხრობიან დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რის გამოც, შესაძლოა, მათ მხარი არ დაუჭირონ აშშ-ს ინიციატივას.

მექანიზმის ამოქმედების შემდეგ აშშ მხარს არ დაუჭერს სანქციების მოხსნის გადავადებას, რის შედეგადაც ისინი ავტომატურად აღდგება. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 30 დღის შემდეგ აშშ-ს სადამსჯელო მექანიზმები გავრცელდება ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც გაეროს სანქციებს არ დაემორჩილება.

აშშ-ს უშიშროების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი, რომელიც ირანის საწინააღმდეგო პოზიციებით გამოირჩეოდა, ამბობს, რომ აშშ-მ მექანიზმის ამოქმედების უფლება მაშინ დაკარგა, როდესაც ბირთვული შეთანხმება დატოვა. მას ეთანხმება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფიც.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მიზეზად დაასახელა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა. მას შემდეგ აშშ-მ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა.

კომენტარები