გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

R2: ბოკოვმა ციხიდან მოგვწერა, გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმესთან კავშირს უარყოფს

Facebook/ გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, მათ რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებიდან, შუამავლის გავლით, ვასამბეკ ბოკოვისგან წერილი მიიღეს. ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე ივნისში დააკავეს, რამდენიმე დღეში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თბილისში მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. 

"მე დღეს გადავწყვიტე გავასაჯაროო სრული სიმართლე, მოვყვე ის, რაც სინამდვილეში მოხდა და გავაცნო საზოგადოებას ზუსტი რეალობა" – ასე იწყება წერილი, რომელიც რუსთავი 2-ის ცნობით, ვასამბეკ ბოკოვს ეკუთვნის. წერილში ბრალდებული წერს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი გასული წლის ნოემბერში პანკისის ხეობაში მომხდარ მკვლელობას ეხებოდა. ბოკოვის ცნობით, მას ორი დაპირისპირებული ოჯახის შერიგება სურდა. 

"ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დაპირისპირების შედეგად უნებლიედ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგების შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. სწორედ ამ მიზნით ვესტუმრე პანკისს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ". – წერია წერილში. 

რუსთავი 2-ის ცნობით, მათმა გუნდმა პანკისში ჩასვლისას გაარკვია, რომ ვასამბეკ ბოკოვს ხეობაში არც ფოტოთი და არც სახელითა და გვარით არ იცნობენ. მედიის ცნობით, პანკისის ხეობაში სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც მას იცნობს, თუმცა, არა ვასამბეკ ბოკოვის, არამედ ახმედის სახელით. 

საქართველოში ჩამოსვლის კიდევ ერთ მიზეზად წერილში ბრალდებული საქართველოში ბიზნესის დაწყების სურვილს ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მის გეგმები ვერ შესრულდა. 

"12 ივნისს მე გაუგებარი მიზეზით, სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს და დღემდე პატიმრობაში მამყოფებენ. შემდგომში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამაპატიმრეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, რომელთანაც მცირედი კავშირიც კი არ მაქვს. სახელმწიფო ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას იღებს და დღემდე მამყოფებს პატიმრობაში ერთადერთი მიზნით, რომ ჩააწყნაროს ჩემი საქმის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური აჟიოტაჟი". – წერია წერილში. 

12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვი ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავა. 15 ივნისს კი ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ და შემდეგ მთავარმა არხმა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით თბილისში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. 

სუს-მა იმავე საღამოს დაადასტურა, რომ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. უწყება წერდა, რომ კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

2019 წლის ივლისში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

მოგვიანებით გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაიმუქრა. კადიროვმა დაწერა, რომ "მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც უღრმეს პატივს სცემენ ვლადიმირ პუტინს" და რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს", თორემ მისივე თქმით, "პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს". 

ვასამბეკ ბოკოვის ამბის ქართულ მედიაში გაშუქების შემდეგ რამზან კადიროვი ფაქტს თავისი Telegram-არხის საშუალებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ თუკი ვინმე მისი ბრძანებით მოქმედებს, ის ამ ბრძანებას შეასრულებს. გავრცელებულ მიმართვაში ჩეჩენი ავტორიტარი ჟურნალისტს კიდევ ერთხელ დაემუქრა და მუხლებზე დადგომით ბოდიშის მოხდა ითხოვა. 

კომენტარები