თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: თვის ბოლოს ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები და ექსპერტიზის დასკვნებს გაეცნობიან

რადიო თავისუფლება / Screengrab

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თვის ბოლოს ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ბაჩალიაშვილის საქმის დეტალებს გაეცნობიან და საქმეში იქნებიან ჩართულები. ამის შესახებ რამიშვილმა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

მისი თქმით, პროკურატურამ ასევე თანხმობა მისცა, სატელიტური სურათების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

"მე დავსვი კითხვა, რამდენად სანდო იყო საერთოდ ის აზრი, რომ ხუთი დღე ავტომობილი იქ იდგა, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა დეტალურად საუბარი იმაზე, რომ ეს არათუ ეჭვს ბადებდა, არამედ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ 5 დღე იქ ავტომობილი ვერ იდგებოდა. მათთვისაც [პროკურატურისთვის] ეს უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, მე პირდაპირ მოვითხოვე, რომ სატელიტური სურათები იყოს გამოთხოვილი საზღვარგარეთიდან და შესაბამისად მათი მხრიდანაც არის თანხმობა, რომ აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი მოპოვებული". – ამბობს რამიშვილი.

რამიშვილის თქმით, შეიქმნება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა, რომელიც პროკურატურაში იმუშავებს და გამოძიებაში იქნება ჩართული. 

კითხვაზე, ენდობა თუ არა თავად პროკურატურის გამოძიებას, რამიშვილი ამბობს, რომ ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი. 

_______________________________________________________________________________________

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები