ბელარუსი

ცარიელი სავარძლის კადრი – ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების პროტესტი

ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა. 

ბელარუსული მედიის Tut.by-ის ცნობით, დაახლოებით, დილის 9 საათისთვის კომპანიის შენობასთან ასამდე ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, რეჟისორები, ოპერატორები და სხვა თანამშრომლები, რომლებმაც გასულ კვირას გათავისუფლების შესახებ დაწერეს განცხადება. 

ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა კომპანიის ხელმძღვანელისგან, ივან ეისმონტუსგან გაფიცვის ჩატარების ნება ითხოვეს. 

თავიანთ მიმართვაში ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა პრეზიდენტის არჩევნების ბათილად ცნობა, ცესკო-ს ხელმძღვანელის, ლიდია ერმოშინას გადაყენება, მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მედიის ცენზურის შეწყვეტა მოითხოვეს. ამ დროისთვის მოთხოვნას 55-მა თანამშრომელმა მოაწერა ხელი - კომპანიაში სულ 1 500-მდე ადამიანი მუშაობს. 

Интерфакс-ის ცნობით, დილის 9 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერში გავიდა და ჩვეულ ფორმატში წაიყვანეს საინფორმაციო გამოშვება, თუმცა, მოგვიანებით, ტელეკომპანიის ეთერში მხოლოდ ცარიელი სავარძელი ჩანდა, რომელზეც წამყვანები არ ისხდნენ. 

ТАСС-ის ინფორმაციით, ეთერში ძველ საინფორმაციო გამოშვებებს უშვებენ, ნაცვლად სიახლეებისა.

ბელარუსში უკვე კვირაზე მეტია მასშტაბური აქციები იმართება. ათიათასობით ადამიანი საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობასა და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.

კომენტარები