თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 5 დღე ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტყეში არ მდგარა

ტვ. პირველი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, სიცრუეა ის ვერსია, თითქოს გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანა თეთრიწყაროს ტყეში 5 დღის განმავლობაში იდგა. 

მისი თქმით, დიდი ზეწოლა მიმდინარეობს იმ სოფლის მოსახლეობაზე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს. რამიშვილი ამბობს, რომ მოიძებნა ერთი ადამიანი, რომლის გადაღებული ვიდეოთი მტკიცდება, რომ მანქანა 5 დღე იქ არ იდგა.

"გარკვეული პერიოდი ვცდილობდი, დავრწმუნებულიყავი რამდენად ამბობდნენ სიმართლეს პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად არის ძალიან დიდი სიცრუე და შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა.

ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერი გააკეთა, რომელიც ეტყობა მერე დააფიქსირეს და მაინც გამოჩნდნენ, შეეშალათ მორიგეობა და გარკვეული დევნაც კი განახორციელეს ამ პიროვნებაზე. მან გააკეთა 3 დღის ჩანაწერი, თუ რა დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება. ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავის დამცველი ძაღლი ჰყავს და შემიძლია, გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას. არ იქნებოდა იქ 5 დღის განმავლობაში და ამას კიდევ ტელევიზიების, დრონების მიერ გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს". – თქვა ადვოკატმა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები