ახალქალაქი

ნადირაშვილი ახალქალაქზე: ხელისუფლებას კრიმინალის მართვა ხელიდან გაექცა

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი თქმით, სახელმწიფომ კონფლიქტი ვერ შეაჩერა და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს, მთელი დღის და ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ახალქალაქში. 

ნადირაშვილის თქმით, ახალქალაქის სურათი იმ ვითარების გაგრძელებაა, რომელიც მთლიანად საქართველოში გვაქვს და დაპირისპირება იმის ნიშანია, რომ "ხელისუფლებას კრიმინალის მართვა ხელიდან აქვს გაქცეული".

"როდესაც კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და მმართველნი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. როდესაც სახელმწიფო არის დაკონტრაქტებული კრიმინალთან, როდესაც შავ სამყაროს იყენებ პოლიტიკური ოპონენტებისთვის ანგარიშის გასასწორებლად, იყენებ იმისთვის, რომ ხმები მიიღო შავი სამყაროს საშუალებით არჩევნებში, შემდეგ გვაქვს ის ვითარება რომელიც გვაქვს. ათეულობით ადამიანი ქალაქის ცენტრში გამოდის, ერთმანეთს ანგარიშს უსწორებს და სახელმწიფოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია". – ამბობს ნადირაშვილი

გუშინ, 8 აგვისტოს, ახალქალაქში დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევიდან ცოტა ხანში, მოკლული კაცის ნათესავებმა რამდენიმე სახლი დაწვეს. შსს-ს მოადგილის, ვლადიმირ ბორცვაძის თქმით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია და ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისა და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

კომენტარები