ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, "სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო წლებში ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა". ბაქრაძის თქმით, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი საქართველოა და არა ქართული ოცნება.
"ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ თუ გადახედავს 8-10-12 წლის წინანდელ განცხადებებს და აშშ-ს კონგრესის რეზოლუციებს, დაინახავს, რომ აშშ-ს კონგრესი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი მხარდამჭერი NATO-ში გაწევრიანების პროცესში.
დღევანდელი ხელისუფლების "დამსახურება" არის ის, რომ დღეს საქართველოს მიმართ აშშ-ს კონგრესს გააჩნია ისეთი კითხვის ნიშნები, რომელიც არასდროს ჰქონია. დიახ, საქართველო რჩება ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად, დიახ, ქართველი ხალხი იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ "მოახერხა", რომ დღეს კონგრესი პირობით გვიჩერებს ქართველი ხალხისთვის გამოსაყოფ დახმარებას. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი. საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ოღონდ საქართველო და არა ქართული ოცნება." – ამბობს დავით ბაქრაძე.
გახარია კონგრესმენის, ადამ კინზინგერის კომენტარს გამოეხმაურა. პრემიერმინისტრის სიტყვებით, "მიუხედავად კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე."
ადამ კინზინგერმა გუშინ, 7 აგვისტოს, თქვა, რომ საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.