თამარ ბაჩალიაშვილი

ბაჩალიაშვილის დედა: მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას - ვიწყებ შიმშილს

ტაბულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან საქართველოს პროკურატურასთან განაცხადა.  

ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, გაუჩინარებამდე 1 თვით ადრე ბაჩალიაშვილი GOOGLE-ში თვითმკვლელობის მეთოდებს ეძებდა.

"გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მატყუარები არიან და ალბათ ღამე არ სძინავთ, სიმშვიდე აქვთ დაკარგული, რომ გაამყარონ თვითმკვლელობის ვერსია. თვითონ აქვთ გასვრილი ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. 

მე უკვე მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილობას". – ამბობს თამაზაშვილი.  

თეონა თამაზაშვილის თქმით, თვითმკვლელობის ვერსიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებს, თუ ამას FBI დაადგენს.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ "თვითმკვლელობის იქით არანაირი გამოძიება არ განხორციელდება." 

გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე Facebook-ის "დახმარების განყოფილებაში" მოძებნა ინფორმაცია, თუ რა მოსდის Facebook-ის გვერდს, თუ მფლობელი გარდაიცვლება. მათივე ცნობით, ამის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილმა Google-ის საძიებო სისტემაში მოიძია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაუქმდეს ფეისბუკის ანგარიში სიკვდილის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ ბაჩალიშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ გუშინ, 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები