თამარ ბაჩალიაშვილი

SpryFlash - რა იყო თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური

Facebook/ Tamar Bachaliashvili

როგორც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის LinkedIn-ის პროფილიდან ირკვევა, გარდა ZAG-ისა, ის კომპანია SpryFlash-ისთვისაც მუშაობდა.

თამარ ბაჩალიაშვილს მითითებული ჰქონდა, რომ SpryFlash-ში 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა დეველოპერად.

SpryFlash ავსტრიული კომპანიაა, რომელიც ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის, ZAG-ის მსგავსად პროგრამურ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობს.

კომპანიის ოფისი ავსტრიაში, ქალაქ ჰალაინშია. არ იძებნება ინფორმაცია SpryFlash-ის ქართული ოფისის შესახებ. სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილი აქაც ე.წ. აუთსორსინგის სისტემით მუშაობდა.

კომპანია ზეგ-ის მენეჯერმა, ნიკოლოზ გეჯაძემ ტაბულას უთხრა, რომ მათ არ იციან, რა იყო გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური. თუმცა, მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი სხვაგანაც მუშაობდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ, დილის 11 საათზე, სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს, სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.

ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი დღეს, 22 ივლისს ჩაერთო.

დღესვე ცხედრის პოვნამდე განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის ხელმძღვანელმა, სადაც, ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ახალგაზრდა ქალის დედა ამბობდა, რომ გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე შვილმა უთხრა, რომ სამსახურიდან მოდიოდა.

როგორც კომპანია "ზეგის" დირექტორმა, თამარ კობერიძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

"ეს არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა". – თქვა კობერიძემ.

კომენტარები