თამარ ბაჩალიაშვილი

რა კომპანიაა ZAG, სადაც გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს მუშაობდა

კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, აშშ-ში, დელავერის შტატშია რეგისტრირებული 2012 წლის 14 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის 18 თებერვალს რეგისტრირებული აქვს ფლორიდის განყოფილება.

როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი აშშ-ს მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახია.

აბრაჰამ რეიხბახი ჯამში 34 კომპანიას ფლობს და ყველა მათგანი აშშ-ში არის რეგისტრირებული.

როგორც კომპანიის ქართველი დირექტორი, თამარ კობერიძე ამბობს, ZAG პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს და საქართველოში ხუთი წელია არსებობს.

კობერიძის თანახმად, კომპანია ე.წ. აუთსორსინგის სისტემით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა, ოფისი გაეხსნა ქვეყანაში, სადაც მუშაობა უფრო იაფი დაუჯდებოდა.

"ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია". – უთხრა თამარ კობერიძემ ინტერპრესნიუსს.

გარდა ამისა, ტვ პირველი ელაპარაკა ZAG-ის ქართველ დამფუძნებელ ნიკოლოზ გეჯაძეს, რომელმაც შემდეგ კომპანია რეიხბახს გადაუფორმა.

ნიკოლოზ გეჯაძემ ახსნა, თუ რა პროექტზე მუშაობდა კომპანიაში თამარ ბაჩალიაშვილი:

"თამარი მუშაობდა ერთერთ პროექტზე, რომელიც იყო, რომ შეექმნა, ასე ვთვათ, clocking სისტემა, სადაც მომხმარებლები, იმის ნაცვლად, რომ ბარათი მიედოთ ოფისში შესასვლელად, რომ აღერიცხათ ეს დროები, უბრალოდ ღილაკს აწვებოდნენ რაღაც პროგრამაში, რომელიც დროს ითვლიდა."

ნიკოლოზ გეჯაძის თანახმად, ბაჩალიაშვილმა კომპანია გააფრთხილა, რომ წასვლას გეგმავდა.

"ორშაბათს ვგეგმავდით შეხვედრას, რომ პირადი ნივთები წაეღო".

გეჯაძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი წასვლის მიზეზად დროის უკმარისობას ასახელებდა. კერძოდ, სურდა სწავლისთვის მეტი დრო დაეთმო.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს ფონიჭალიდან გაუჩინარდა, სახლიდან მანქანით გავიდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.

როგორც "ზეგ"-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ ინტერპესნიუსს უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

"ეს არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა". – ამბობს კობერიძე.

კომენტარები