თამარ ბაჩალიაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: არავინ მაყენებს საქმის კურსში, უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას

ფორმულა

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა.

ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში თეონა თევზაძემ თქვა, რომ არც მისი შვილის თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა, სხვას კი არაფერს გამორიცხავს.

"მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა ინგლისურის [სერტიფიკატის] მოსაპოვებლად და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს. რატომ მოიკლავდა თავს.

არავინ მაყენებს საქმის კურსში. ძებნის დროსაც ვიხვეწებოდი, რამე ხელჩასაჭიდი თუ გაქვთ, გამაგებინეთ მეც, იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ. არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე. შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, შეიძლება რაღაცაში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა ცოდნოდა. უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას. იმთავიდანაც ვეხვეწებოდი, თამუნას კომპიუტერი წაიღეთ დროზე და გახსენით დროზე-მეთქი. არ მიჰქონდათ, არავინ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა. სხვა არავინ მოსულა, არც დაინტერესებულა". - უთხრა თეონა თევზაძემ ფორმულას.

ტელეკომპანიას ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა უთხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღეში გამოძიებას მისცემს ჩვენებას იმ პოლიციელის შესახებ, რომელიც მასთან მივიდა და უთხრა, რომ გარდაცვლილის კომპიუტერში შევიდა და ნახა, რომ ის "შარშია".

ასევე, როგორც რამიშვილი, ისე კომპანია ზეგ-ის ადვოკატი ადასტურებენ, რომ გამოძიებას ბაჩალიაშვილის არც პირადი და არც სამსახურის კომპიუტერი არ გაუხსნია. ორივე მათგანი გამოძიებას დროულად მოქმედებას სთხოვს.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მიზანმიმართული პრობლემებია გახსნასთან დაკავშირებით". - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

24 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი დაემატა, რაც მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

გამოძიება 2 - 115-ე და 143-ე მუხლებითაც მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები